თბილისში ივლისის თვის რეკორდული ნალექი დაფიქსირდა — გარემოს ეროვნული სააგენტო უახლეს მონაცემებს აქვეყნებს
2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე, თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა. შედეგად, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ქუჩები დაიბორო და ურბანული ინფრასტრუქტურა დროებით გადაიტვირთა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. იქ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი

მოვიდა, რაც თბილისის მასშტაბით ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 1 საათში (20 ივლისის 23:00-დან 21 ივლისის 00:00 საათამდე) ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი — 54.5 მმ დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება.

სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექები ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი): 110 მმ
  • აღმაშენებლის გამზირი: 95.1 მმ
  • მუხათწყარო: 87.3 მმ
  • ბაგები: 75.2 მმ
  • სოხუმის უნივერსიტეტის მიმდებარედ: 69.1 მმ
  • ვაშლიჯვარი: 55.8 მმ
  • ტაბახმელა: 25.07 მმ
  • მცხეთა: 1.5 მმ

სპეციალისტების განმარტებით, ნალექების არათანაბარი გადანაწილება კონვექტიური პროცესებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის უხვი ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა.

"დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის მნიშვნელოვანი გათბობის, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალი შემცველობისა და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრის ფონზე, ატმოსფეროში ძლიერი არამდგრადობა შეიქმნა. ასეთ პირობებში სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები, რომლებმაც მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური წვიმა გამოიწვია", - სააგენტო წერს. 

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოვლენების დროს დამახასიათებელია ნალექის ძირითადი ნაწილის რამდენიმე საათში მოსვლა. მოცემულ შემთხვევაში, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის ფარგლებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. სწორედ ნალექის ასეთი მაღალი ინტენსივობა გახდა წყალმოვარდნების, ქუჩების დატბორვისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, ხშირდება შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების განვითარების რისკს ზრდის.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები