სოფელ ყიზილ-აჯლოში ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრის პროექტის მოსამზადებლად 90 000 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

200 000 ლარის სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულად შპს „გონდოლინი“ გამოვლინდა, რომელმაც შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი 90 000 ლარი შესთავაზა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია „გონდოლინმა“ სამ ეტაპად უნდა მოამზადოს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს

დაეყრდნობა.

საპროექტო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ძირითად ზონასა და შენობა-ნაგებობას მოიცავს:

• ვოლიერების ბლოკი: 150 ადგილზე გათვლილი 3 განყოფილება (ჯამში 1 950 კვ.მ) ზაფხულისა და ზამთრის სეზონების გათვალისწინებით. რეგიონის კლიმატის გამო, ზამთრის ვოლიერები აღიჭურვება გათბობის, ინდივიდუალური ტრაპებისა და ვენტილაციის სისტემებით.
• კარანტინის შენობა (90 კვ.მ): მკაცრად იზოლირებული სივრცე შეყვანილი ცხოველების პირველადი განთავსებისა და დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის.
• ვეტერინარული კლინიკა და ლაბორატორია (93 კვ.მ): სივრცე ვაქცინაციის, კასტრაცია-სტერილიზაციის, რენტგენოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებისთვის.
• პოსტ-ოპერაციული ბლოკი (74 კვ.მ): ქირურგიული და სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ცხოველებზე მეთვალყურეობისთვის.
• ადმინისტრაციული და დამხმარე ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციული შენობა (80 კვ.მ), მძღოლების მოსაცდელი (20–25 კვ.მ), დაცვის ოთახი, ავტოსადგომი, კრემატორიუმი (12 კვ.მ) და ღია გასასეირნებელი სივრცეები (დაახლოებით 300 კვ.მ).

საპროექტო დავალების მიხედვით, ობიექტი სრულად უნდა იყოს იზოლირებული საცხოვრებელი ზონისგან. შენობები დაპროექტდება მინიმუმ 8-ბალიან სეისმურ დატვირთვაზე, ენერგოეფექტური მასალებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების (მათ შორის რეკუპერატორიანი სავენტილაციო სისტემების) გამოყენებით.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა ინდივიდუალური ბიოლოგიური გამწმენდი საკანალიზაციო სისტემა და ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია პროექტს დაურთოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული ორგანოს საექსპერტო დასკვნები, მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და განახორციელოს შემდგომი სამშენებლო სამუშაოების საავტორო მონიტორინგი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები