გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი
სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების
მიზნით, ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში — თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და
ბათუმში — გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის
კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.
მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან
შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 11 273
თბილისში, 3 627 ბათუმში, 3
366 ქუთაისში, ხოლო 2 461 რუსთავში დაფიქსირდა.
სამართალდარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკურ პირებს, ხოლო 2 695
შემთხვევა იურიდიულ პირებს უკავშირდება. სატრანსპორტო საშუალებების
ტიპების მიხედვით, 12 109 სამართალდარღვევა მსუბუქ ავტომობილებზე, 7
905 — მიკროავტობუსებზე, 694 — სატვირთო ავტომობილებზე, 18 —
ავტობუსებზე, ხოლო ერთი — ექსკავატორზე მოდის.
გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული
ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა კონტროლის შესაძლებლობების
გაძლიერება დაიწყო. გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, დეპარტამენტმა
შეიძინა ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო ეკიპაჟები შესაბამისი გამზომი
ხელსაწყოებით აღიჭურვა. თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების
გაძლიერების მიზნით, პერიოდულად მათი გადამზადებაც ხორციელდება.
გაძლიერებული შესაძლებლობების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებს
მეტი ლოკაციისა და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების
შესაძლებლობა მიეცათ, რამაც გამოვლენილი სამართალდარღვევების
რაოდენობის ზრდა განაპირობა.
კერძოდ, 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი
გამოავლინა, 2025 წელს — 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვის განმავლობაში —
6 105 სამართალდარღვევა. მათგან 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში
დაფიქსირდა.
მონიტორინგის დაწყებიდან სამი წლის თავზე, გამონაბოლქვის კონტროლის
მექანიზმების გაუმჯობესებისა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე
სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. უწყების ინფორმაციით, ეს კონტროლის
პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას
უზრუნველყოფს.