საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დაზარალებულისა და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით წარმოიშვა.

კონფლიქტის

დროს თამაზ ელიზბარაშვილი დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს დაემუქრა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდებოდა და მათ რესტორნის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინათ.

დაზარალებულებმა ვითარების შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად რესტორნის ტერიტორია დატოვეს.

31 აგვისტოს, დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. გამოძიების ინფორმაციით, მას ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იგი შეიარაღებული იყო და რესტორანში შესვლას ცდილობდა. ამასთან, ის დაზარალებულების მისამართით მუქარასა და გინებას განაგრძობდა.

დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი რესტორნის ტერიტორიაზე მაინც შევიდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, ტერიტორია დატოვა.

31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში წერილობითი სტატუსი და ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, რომელშიც, პროკურატურის ინფორმაციით, მუქარას განაგრძობდა და დაზარალებულებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.

გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები