წიწამურთან გაურკვეველი წარმომავლობის 8 პირუტყვის ტანხორცი გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად, წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორცი გამოავლინეს.

მიკვლევადობის შედეგად დადგინდა, რომ საქონელი ფიზიკური პირის, რ. ო.-ს კუთვნილ ეზოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში არსებულ არალეგალურ სასაკლაოში იყო დაკლული. სასაკლაო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა.

კუსტარულად

მოწყობილ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. დარღვევების გამო ფიზიკური პირი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ შეიძინონ ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ფორმა №2-ის გარეშე. მეწარმეებს კი სააგენტო მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები დაიცვან.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები