სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების
შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.
სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის
შედეგად, დარღვევები აჭარასა და თბილისში მდებარე კაფე-ბარებში,
რესტორნებსა და სასადილოებში გამოვლინდა.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თურქულ რესტორანში — შპს
„უმუთში“, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში
მდებარეობს — განმეორებით დააფიქსირეს ვადაგასული საქონლის ხორცი,
ეტიკეტირების წესის დარღვევა და არაკრიტიკული შეუსაბამობების
აღმოუფხვრელობა. აღნიშნულის გამო ბიზნესოპერატორი
3 000 ლარით
დაჯარიმდა.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა ბათუმში
მდებარე კაფე-ბარ-რესტორან „იემენს“ — შპს „ისტ იემენს“, რუსთაველის
ქუჩა №61-ში. ობიექტზე დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის
შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდების წესი.
საწარმოო პროცესი ასევე შეუჩერდა ინდივიდუალურ მეწარმე ხ. შ.-ს,
„მამას რესტორანში“, რომელიც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე №300ა
მდებარეობს. ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და
სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის შეუსრულებლობა.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე შპს „ჩუქუროვა ლეზზეთში“,
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე №300ა. სხვა დარღვევებთან ერთად,
ობიექტზე აღმოჩნდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე არსებული ცხვრის
ხორცი, რის გამოც საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვაგზლის მიმდებარე
ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქუჩა №5-ში, ავტოფარეხებში განთავსებული
სასადილოები შეამოწმეს.
ფიზიკური პირების — ხ. ხ.-სა და დ. ფ.-ს — ობიექტებს სააგენტოს მიერ
კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ გაცემული მითითება
შესრულებული არ ჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრირებული არ იყვნენ. გამოვლენილი დარღვევების გამო ობიექტები
დაჯარიმდნენ და საქმიანობა შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა
კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ და სურსათის
უვნებლობის მოთხოვნები დაიცვან.