დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ატყუებდა, თითქოს ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 11 დაზარალებულისგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 707 975 ლარი და 296 000 აშშ დოლარი დაუფლა. აღნიშნულმა ქმედებამ დიდი ოდენობით,

ჯამში 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით — დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე — წარედგინა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები