ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ძირითადი

ეტაპები, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებისა და პროექტის განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ხარისხით შესრულების საკითხები განიხილეს.

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს.

ბათუმი-სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთი იქნება. ის ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება 11.3 კილომეტრის სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 7.6-კილომეტრიანი გვირაბი და 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კილომეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი. ასევე მოეწყობა ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა.

ბათუმი-სარფის 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, ქვეშეთი-კობის მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.

ახალი გზის დასრულების შემდეგ საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ მაგისტრალზე გადაერთვება. შედეგად, მნიშვნელოვნად განიტვირთება არსებული გზა და საკურორტო ზონა, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოება და გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები.

პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვეა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60-E70 ჩქაროსნული მაგისტრალის 428.35 კილომეტრიდან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კილომეტრი.

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაგისტრალის სრულად ჩამოყალიბებისა და შუა დერეფანში საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები