2018-2025 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატრანზიტო
ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ PMC-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია
აღნიშნული, რომელიც შუა დერეფანში საქართველოს სატრანზიტო ტვირთების
ნაკადებს ეხება.
კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ტვირთნაკადმა პიკურ
მაჩვენებელს 2024 წელს მიაღწია და 15.1 მილიონი ტონა შეადგინა.
თუმცა, PMC-ის მონაცემებით, 2025 წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა
წლიურად 9.5%-ით შემცირდა და 13.7 მილიონ
ტონამდე ჩამოვიდა.
„კლების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოსავლეთ-დასავლეთის
დერეფანში ტვირთნაკადის 7.8%-იანი შემცირება გახდა. მიუხედავად ამისა,
აღნიშნული მარშრუტი კვლავ ინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას და მთლიანი
სატრანზიტო ტვირთების 69.7%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია
მიმოხილვაში.
რაც შეეხება ჩრდილოეთ-დასავლეთის დერეფანს, ანგარიშის მიხედვით, 2025
წელს აქ ტვირთბრუნვა წლიურად 33.5%-ით შემცირდა და 1 მილიონი ტონა
შეადგინა, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
PMC-ის შეფასებით, ამის საპირისპიროდ, 2018–2025 წლებში სტაბილურობას
ინარჩუნებდა სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი. ჩრდილოეთ-სამხრეთის
მარშრუტზე კი ამავე პერიოდში მუდმივი ზრდა ფიქსირდებოდა, თუმცა 2025
წელს მცირედი კლება ამ მიმართულებითაც დაფიქსირდა.