გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან
31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო
თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი ფაქტებიდან 213 სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით
შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 440 კილოგრამს
შეადგენს.
ყველაზე
მეტი, 88 ფაქტი, იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე გამოვლინდა. მცხეთა-მთიანეთში 82 ფაქტი დაფიქსირდა,
სამეგრელო-ზემო სვანეთში — 51, ქვემო ქართლში — 49, კახეთის რეგიონული
სამმართველოს ტერიტორიაზე — 41.
შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 34 ფაქტი
გამოავლინეს, შიდა ქართლში — 20, გურიაში — 14, აჭარაში — 10, ხოლო
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე — 10 ფაქტი.
სამართალდარღვევები გამოვლინდა თბილისშიც. მიმდინარე წლის 8 თვეში
დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში თევზჭერის წესების
დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში უკანონო თევზსაჭერ
საშუალებებს, მათ შორის სახლართი ტიპის ბადეებსა და ელექტროიარაღებს
იყენებდნენ.
მიმდინარე წლის 8 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 218 ერთეული
სახლართი ბადე და 24 ერთეული ელექტროიარაღი ამოიღეს.