აშშ-ს სასამართლომ საქართველოს ENKA-სთან წაგებული $400 მლნ-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა
ამერიკულმა სასამართლომ საქართველოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორი თურქული კომპანიის, ENKA-ს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის წაგების შედეგად დაკისრებული $400 მილიონზე მეტი კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას და „საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს“.

დავა თბილისმა 2024 წელს წააგო
ENKA Renewables-მა საარბიტრაჟო დავა 2021 წელს დაიწყო, - მას

შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ აშენების საინვესტიციო შეთანხმება თბილისმა შეწყვიტა საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ.

პასუხად ENKA-მ საქართველოს ფრანგულ არბიტრაჟში უჩივლა და დავა 2024 წლის დეკემბერში მოიგო.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ მაშინ ქვეყანას $383 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

თბილისს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

$400 მლნ-ზე მეტი
  • არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი - კომპენსაციის ძირ თანხას ემატება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე.
  • სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, - რაც რადიო თავისუფლებამ მოიძია, - ENKA-მ 18 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს ზუსტი თანხა, რის გადახდასაც საქართველოსგან მოითხოვს;
  • ეს თანხა, სავარაუდოდ, $400 მლნ-ზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება.
რატომ აშშ-ს სასამართლო
ბიზნესმედია BMG-ს ცნობით:

  • საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო, „თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული“.
  • ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის (DC) სასამართლოს მიმართა, ვინაიდან აშშ არბიტრაჟის შესახებ 1958 წლის ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარეა და მოპაექრე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.
კოლუმბიის ოლქის სასამართლომ კი გადაწყვეტილება 2026 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.

„მხოლოდ პროცესუალურად“ - იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოში და საქმეც იქ განიხილება:

„პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა“, - თქვა მან.

„საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვაშინგტონის სასამართლოზე კი ის ასეთ რამეს ამბობს:

  • „სინამდვილეში ვაშინგტონის სასამართლოში არ მიმდინარეობს არანაირი პროცესი, რომელიც არსებითად მსჯელობს არ საკითხზე“;
  • საქმე შეეხებოდა „მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება“.
  • „ვაშინგტონის სასამართლომ მსჯელობდა, უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები“, - ამბობს ძამაშვილი.
„თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას“, - განაცხადა მან.

ძამაშვილის თქმით, ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ: „რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა მან.

ძამაშვილის კომენტარი იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა.

„რიონის ხეობის გადასარჩენად“
  • „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 2022 წლის მაისში გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობის დატოვების შემდეგ.
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს.
  • "ნამახვანჰესის" მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება.
  • მთავრობა დიდი ჰესების - "ნამახვანის", "ნენსკრას", "ხუდონის" - მშენებლობას ახლა მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს.




წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები