„სერიოზულად დამაფიქრებელია: გამოკითხული 3000 ბავშვიდან 9.5% თამაშდამოკიდებულია - ჩვენს ახალგაზრდებს ყველაზე მეტად მოსწონთ „ხელზე თამაში“
„გამოკითხული 3000 ბავშვიდან 9.5% ანუ 285 მოზარდი თამაშდამოკიდებულია. ეს არის ახალი კვლევა,“ - ამის შესახებ ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ 285 ბავშვიდან 2.3% არიან გოგონები.

ამასთან, როგორც თამარ ჯაფარიძემ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა ახალგაზრდებს ყველაზე მეტად მოსწონთ ხელზე თამაში.

„გამოკითხული 3000 ბავშვიდან 9.5% ანუ 285 ბავშვი თამაშდამოკიდებულია. ეს არის ახალი კვლევა. აქედან 2.3% არიან გოგონები. ჩვენს ახალგაზრდებს ყველაზე მეტად მოსწონთ „ხელზე თამაში“.

არ ამბობენ უარს აზარტულ თამაშებზე, გადარიცხვებზე, ამას ვერ აკონტროლებს სახელმწიფო, რადგან თავის დროზე კანონპროექტში არ ჩადო მისი მაკონტროლებელი მექანიზმი, ამიტომ დღეს ნუ დაიწყებენ თავის მართლებას.

მართალია, მოზარდების თამაშდამოკიდებულების მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად შემცირებულია, მაგრამ 16 წლის მოზარდების 9.5%, რომ უკვე დამოკიდებულია, აქ იკვეთება სახელმწიფოსა და ბიზნესის პასუხისმგებლობა.

ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ კანონს ვამუშავებდით, შესაბამისი პოლიტიკური ნება იყო, მაშინ კვლევების მიხედვით, თამაშდამოკიდებული მოზარდების რაოდენობა იყო 12% და ახლა ჩამოვედით 9.5%-ზე, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, სადაც სერიოზული დემოგრაფიული და დასაქმების პრობლემაა, ეს ციფრი უკვე სერიოზულად დასაფიქრებელია. სადაც არც პრევენციული ღონისძიებაა და არც საგანმანათლებლო სისტემაში არ ზის [ეს საკითხი].

თუ ევროპის ქვეყნებს შევადარებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, ევროპის ქვეყნებში რას აკეთებს, ყველაზე კარგად რას ერგება სათამაშო ბიზნესი - სოციალურ პასუხისმგებლობას. თუ მან სოციალური პასუხისმგებლობა არ აიღო და მისივე დაზარალებულზე არ მოახდინა რეაგირება, სახელმწიფომ იმის კეთილი ნება არ გამოიჩინა, რომ ჯანდაცვის სექტორში ადამიანებს უფასო მკურნალობა მიეცეს, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ“,
- ამბობს თამარ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს მაჩვენებელმა 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.215 მლრდ ლარით,

ანუ დაახლოებით 16%-ით მეტია.

მთლიანად კი, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% იყო. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-ს შეადგენდა, 2023 წელს - 31.2%-ს, 2022 წელს - 29%-ს, 2021 წელს - 32%-ს, 2020 წელს კი - 28%-ს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები