ქვემო ქართლსა და სხვა რეგიონებში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით
21 პირი დააკავეს, დალუქულია 11 ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის
ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს.
საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში
განხორციელდა, რის შედეგადაც 11 ობიექტი დაილუქა.
გამოძიებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებით
(მათ შორის
აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით) დადგინდა, რომ სხვადასხვა ობიექტის
მენეჯერები და ადმინისტრატორები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ
სისტემატურად უწყობდნენ ხელს ქალებს პროსტიტუციაში. ბრალდებულები მათ
ფართობს უთმობდნენ, ეხმარებოდნენ კლიენტების მოძიებაში და სექსუალური
მომსახურებით მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად
ითვისებდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო საქმიანობით
მოპოვებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის
ადგილის გადაცემას გულისხმობს.