საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისთვის 64 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს, რის შედეგადაც 64 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდისა და უზბეკეთის მოქალაქეები.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ლოკაცია და დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. ღონისძიებების მიზანი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი

უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა იყო.

დადგინდა, რომ დაკავებულები ქვეყანაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევდნენ.

ამჟამად დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში ჯამში 20 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაამოწმეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები