"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის
პოლიტიკიდან ბიზნესში გადასვლას ეხმაურება.
ის მდინარაძეს გამორჩეულ ლიდერად აფასებს და ამბობს, რომ მას ქვეყნის
მშვიდობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მაჭავარიანის თქმით,
მდინარაძე პოლიტიკაშიც წარმატებული იყო და ბიზნესშიც წარმატებას
მიაღწევს.
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია
დააფუძნა
"მამუკა მდინარაძე გამორჩეული ლიდერი იყო გუნდის, ძალიან
ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, რომელიც რა თქმა უნდა
სტრესთან არის დაკავშირებული, მან ძალიან დიდი წვლილი ითამაშა თავის
მხრივ იმ შენარჩუნებულ მშვიდობაში, რაც მთლიანად გუნდის დამსახურებაა,
პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა მამუკა
მდინარაძის წვლილი ამ ყველაფერში ძალიან დიდი იყო.
წავიდა ბიზნესში და რა თქმა უნდა ვუსურვებთ წარმატებას და
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება ბიზნესშიც, როგორც
ეს იყო პოლიტიკაში", — ამბობს მაჭავარიანი ტელეკომპანია
"ფორმულას" ჟურნალისტთან საუბრისას..
რაც შეეხება "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის
მიხედვითაც, მდინარაძემ ნანა ყეინიშვილის სავარაუდო კორუფციული
საქმეების შესახებ იცოდა, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ საკითხზე
მსჯელობისთვის გამოძიებასა და მტკიცებულებების შეგროვებას დრო
სჭირდება. ამასთან, ის აცხადებს, რომ ასპროცენტიანი გარანტიით შეუძლია
თქვას, მდინარაძე ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და
გამორიცხავს, რომ მას კორუფციისთვის თვალი დაეხუჭა.
"არ ვიცი მე ამ დისკუსიაში ვერ შევალ, არის რაღაცა
საკითხები, რომლის გამოძიება მოითხოვს გარკვეულ დროს, მტკიცებულებების
შეგროვება მოითხოვს გარკვეულ დროს, ზოგად ჭრილში ვამბობ.
მე შემიძლია ასპროცენტიანი გარანტიით ვთქვა, რომ მამუკა მდინარაძე
ემსახურებოდა თავის ქვეყანას კეთილსინდისიერად. კორუფციაზე თვალი
დაეხუჭა, მე ამას გამოვრიცხავ", — ამბობს
მაჭავარიანი.
ცნობისათვის, "რადიო თავისუფლების" 9 ოქტომბრის ჟურნალისტური
გამოძიების მიხედვით, მამუკა მდინარაძის კავშირი ნანა ყეინიშვილის
სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასთან იმაში გამოიკვეთა, რომ მას,
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ყეინიშვილის
შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა
გამოცემის ინფორმაციით, წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან
მიდის
მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2026 წლის 27 აგვისტოს
განაცხადა. მან იმავე დღეს რეგიონული განვითარების მინისტრის
თანამდებობაც დატოვა.
მამუკა მდინარაძე 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, 2026 წლის აპრილიდან
აგვისტომდე კი — სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავ ორგანოებთან
კოორდინაციის საკითხებში და რეგიონული განვითარების მინისტრი.
მანამდე, 2024 წლიდან 2025 წლის სექტემბრამდე, ქართული ოცნების
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა, 2016
წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.