„
დაუშვებელია გეოპოლიტიკური საფრთხის განხილვა ქართველი
აზერბაიჯანელების კოლექტიურ ეჭვმიტანილობად გადაიქცეს“
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით
ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. ბაირამოვას თქმით, სააკაშვილის
განცხადებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მუსლიმური იდენტობა ან
აზერბაიჯანული წარმოშობა თავისთავად უსაფრთხოების პრობლემაა, რაც
სრულიად არაადეკვატური მიდგომაა.
უფლებადამცველი სააკაშვილის მმართველობის პერიოდს იხსენებს და მას
პირდაპირი კითხვებით მიმართავს:
„ბატონო მიხეილ სააკაშვილო, თუ ირანის გავლენა საქართველოში
მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე გაწუხებდათ, მაშინ 2011 წელს რატომ მიეცით
„ალ-მუსტაფას“ საქართველოში ოფიციალურად მუშაობის უფლება? თქვენი
პარტიის რეგიონის წარმომადგენელი და კანდიდატი ყოველთვის პროირანული
იყო და ეს მშვენივრად იცოდით. როცა გაწყობდათ, მაშინ ყველაფერი კარგი
იყო, ახლა რას უტრაკებთ?“
ბაირამოვა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰიჯაბის ტარება ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული რელიგიის
თავისუფლების ფორმაა და მისი აკრძალვა ბავშვებს განათლების მიღების
უფლებასაც უზღუდავს. იგი ინტერესდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ
სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი ადამიანის უფლებების დარღვევა
და მუსლიმებისთვის ისლამისტების წოდებაა.
„დაუშვებელია გეოპოლიტიკური საფრთხის განხილვა გადაიქცეს
საქართველოს აზერბაიჯანელების კოლექტიური ეჭვმიტანილობის საფუძვლად.
ხოლო მათ, ვინც დღეს ამ საფრთხეზე საუბრობს, საზოგადოებას უნდა
აუხსნან საკუთარი ხელისუფლების პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც.
„ჩემო აზერბაიჯანელებო, მიყვარხართ!“ — ამის ორ ენაზე თქმა საკმარისი
არ არის! ქართველი აზერბაიჯანელები საქართველოს თანასწორუფლებიანი
მოქალაქეები არიან და არა პოლიტიკური ინსტრუმენტი ან სავაჭრო
ნივთი“, — აცხადებს სამირა ბაირამოვა.