არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ხატიაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენაში ხელშეწყობა, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა და ორგანიზება, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია კიდევ 9 პირი.


პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ საზღვრის გადაკვეთა გაართულა. ამ ფონზე გიორგი ხატიაშვილმა, დანაშაულში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა.

ჯგუფის მიზანი აშშ-ში თავშესაფრის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისებისა“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების მომზადება იყო.

გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტებისა და შექმნილი ისტორიების დახმარებით აშშ-ში თავშესაფარს უპრობლემოდ მიიღებდნენ. ისინი იგონებდნენ ისტორიებს საქართველოში მოქალაქეების სავარაუდო დევნის შესახებ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დევნის გამო. ამ ისტორიების გასამყარებლად კი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია 1000-ზე მეტი პირი, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023-2026 წლებში საკუთარი მომსახურება შესთავაზეს. მათგან ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2 250 000 ათასი დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირის ექსტრადირება გერმანიიდან, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად მოხდა.

უწყების განცხადებით, არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა ქართული მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილეს. პროკურატურის შეფასებით, ეს პრეცედენტული შემთხვევაა, რადგან ექსტრადიცია ევროპისა და რეგიონის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნიდან პირველად განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. უწყების ცნობით, საქმის გამოძიების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და თბილისში ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები