შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე არსებული ნივთის
მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ,
მან საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც
მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში
ჩააბარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
ბრალდებულის სახით დააკავეს. მოპარული ლითონის ნაკეთობები კი
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.