აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა,
რომლის მიხედვითაც, იცვლება შესყიდვის წესები.
განახლებული რეგულაციით, ფიზიკური პირისგან შესყიდვის შესაძლებლობა
ფართოვდება. ცვლილება ეხება ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს,
საწარმოებს, რომლებიც ყურძენს საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით
შეიძენენ და არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საწარმოს შესყიდვის განხორციელება
თანადაფინანსების შეთანხმების გაფორმებამდე არ შეეძლო, ცვლილებების
შემდეგ კი, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეკომპონენტების ფარგლებში, საწარმოებს
შესყიდვა თანადაფინანსების შეთანხმების გაფორმებამდეც
შეეძლებათ, იმ
პირობით, რომ ბენეფიციარი შესაბამის ქვეკომპონენტში რეგისტრირებული
იქნება.
ამასთანავე, ახალი რედაქციით, „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი
საშუალებებისთვის კომპონენტს“ არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი
საწარმოების კომპონენტი დაემატა და განისაზღვრა სესხის გაცემის
წესებიც. უფრო დეტალურად, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი
საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი ახლა უკვე გაიცემა
ბენეფიციარებზე ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების
მიზნობრიობით.
აღსანიშნავია, რომ ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა
არ უნდა აღემატებოდეს 0.09 ლარს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე
გადაანგარიშებით. ამასთანავე, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ
ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან შესაბამისი წლის
ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად
განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.
„საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების
საფუძველზე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტის
გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის
ჩათვლით. ბენეფიციარზე გასაცემი სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ
500 000 ლარიდან არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ჩათვლით,
ხოლო სესხის ვადა არაუმეტეს 9 თვე.
სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და
გადასამუშავებლად აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის
თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის
თანადაფინანსებას აღებული სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი
ვერ ან არ მოახმარს არასტანდარტული ვაშლის შეძენას და/ან
გადამუშავებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ცვლილებები ეხება „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი
საშუალებებისთვის“ კომპონენტით სარგებლობასაც.
„პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ „შეღავათიანი
აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ კომპონენტით (გარდა
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტისა) სარგებლობის
შემთხვევაში, თუ სესხით დაფინანსებულ მიზნობრიობაზე ბენეფიციარის მიერ
მიღებულია სახელმწიფო სუბსიდია, სააგენტოს მიერ სესხის საპროცენტო
განაკვეთის თანადაფინანსების გაანგარიშებისას სესხის ძირითადი თანხა
მცირდება მიღებული სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობით და საპროცენტო
განაკვეთის თანადაფინანსება ხორციელდება სესხის ძირითადი თანხის
დარჩენილ ნაწილზე“, - ვკითხულობთ მთავრობის
დადგენილებაში.