აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და ყაზახეთის
„ყაზმუნაიგაზმა“ აზერბაიჯანის გავლით,
კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახური ნავთობის
ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა განიხილეს.
ინფორმაციას Report კომპანია SOCAR-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
SOCAR-ის პრეზიდენტი, როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველი საბჭოს
თავმჯდომარეს, აშხატ ხასენოვს შეხვდა. მხარეებმა SOCAR-სა და
„ყაზმუნაიგაზს“ შორის 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით
გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რაც აზერბაიჯანის გავლით
ტრანსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდის პერსპექტივებს
ეხება.
ყაზახეთს ნავთობი გლობალურ ბაზრებზე აზერბაიჯანის გავლით ბთჯ-ის
მილსადენით გააქვს. 2022 წელს „ყაზმუნაიგაზმა“ და SOCAR-მა ყაზახური
ნავთობის ტრანზიტის შესახებ ზოგადი შეთანხმება გააფორმეს, ხოლო 2023
წლის მარტში ქაშაგანის საბადოდან აზერბაიჯანის გავლით 7000 ტონა
ნავთობის სატესტო გადაზიდვა განხორციელდა.
2024 წლის მარტში „ყაზმუნაიგაზმა“ და SOCAR-მა ხელი მოაწერეს
შეთანხმებას აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანზიტის თანდათანობით
გაზრდის შესახებ. შეთანხმების თანახმად, მიწოდების მოცულობა წელიწადში
2.2 მლნ ტონამდე გაიზრდება.
2025 წელს ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტმა 1.2 მლნ
ტონა შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით 1.16
მლნ ტონა ყაზახური ნავთობი იქნა გადატანილი, რაც 2025 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 24%-იანი ზრდაა.
ამასთან, წელს „ყაზმუნაიგაზი“ ბთჯ-ის მილსადენით 1.7 მლნ ტონა
ნავთობის ექსპორტს გეგმავს.
ცნობისთვის: Reuters “ყაზტრანსოილის” მონაცემებზე დაყრდნობით წერს,
რომ იანვარ-სექტემბერში ყაზახეთმა რუსეთის პორტების გვერდის ავლით
ნავთობის ექსპორტი წლიური თვალსაზრისით 44%-ით, ანუ 3.319 მლნ ტონამდე
გაზარდა. პარალელურად, საანგარიშო პერიოდში რუსულ მარშრუტზე, ანუ
კასპიის მილსადენური კონსორციუმის სისტემით მიწოდება 11%-ით, 44.920
მლნ ტონამდე, ხოლო ნოვოროსიისკსა და უსტ-ლუგას პორტებით 12%-ით, 6.723
მლნ ტონამდე შემცირდა.
თუმცა, Reuters-ის შეფასებით, ყაზახ მწარმოებლებს ჯერ არ აქვთ რუსული
მარშრუტის სრულფასოვანი საექსპორტო ალტერნეტივები. კერძოდ, სხვა
მიმართულებები, როგორიც თურქეთისკენ ბთჯ-ისა და ჩინეთისკენ
ატასუ-ალაშანკოუს ნავთობსადენები, ასევე, ბათუმის პორტი და შუა აზიის
ქვეყნებია, მთლიანი ექსპორტის მხოლოდ, დაახლოებით, 6%-ს
უზრუნველყოფს.