სამტრედიაში ორ არარეგისტრირებულ სასაკლაოს, სენაკში კი თევზის დისტრიბუტორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად რამდენიმე ობიექტზე დარღვევები გამოავლინეს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში, ფიზიკური პირების — ნ. ჯ.-ისა და მ. კ.-ის კუთვნილ სასაკლაოებზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. კერძოდ, დიდგორის მე-3 შესახვევის №9-სა და დიდგორის ქუჩა №140-ში მდებარე ობიექტებზე გოჭებს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ.

ამასთან, დადგინდა, რომ

ორივე ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. დარღვევები ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს უკავშირდება.

დარღვევა გამოვლინდა სენაკშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმის, გ. შ.-ის საქმიანობა შეამოწმეს. სააგენტოს ცნობით, მეწარმე, რომელიც სენაკის აგრარული ბაზრის მიმდებარედ საქმიანობდა, ნედლ თევზს არარეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში დისტრიბუციასა და რეალიზაციას უწევდა.

თევზის ტრანსპორტირება მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით ხდებოდა. მეწარმე დაჯარიმდა, ობიექტს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს, რათა მომხმარებელთა ჯანმრთელობა დაიცვას და ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსება უზრუნველყოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები