შსს განმარტავს, რატომ აცხადებდა, რომ სმიტების ცხედრებს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდათ
რატომ აცხადებდა შსს, რომ ცოლ-ქმარ სმიტების ცხედრებს წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ? – აღნიშნულ გარემოებაზე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

მამუკა ჭელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული რაიან სმიტის ცხედარი რამდენიმე დღის მანძილზე მდინარეში იყო, პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნების გამოკვეთა გართულდა.

“6 რიცხვში ნანახი იქნა ქალბატონის გვამი, რომელსც არ აღენიშნებოდა არანაირი ცეცხლნასროლი ჭრილობა. 7 რიცხვში აღმოჩენილ იქნა მამაკაცის გვამი შედარებით დაშორებით. ცხედარი საკმაოდ დასვრილ მდგომარეობაში იყო. ის იყო მდინარეში, თან ეს იყო რამდენიმე დღით ადრე ჩადენილი მკვლელობა. საკმაოდ მძიმე სურათი იყო ადგილზე და ვიზუალური დათვალიერება არ იძლეოდა იმის თქმის საფუძველს, რომ აქ გვქონდა საქმე ცეცხლნასროლ ჭრილობებთან. სანამ არ მოხდა მისი დეტალური შესწავლა შესაბამისი კვლევებით, ზედაპირული დათვალიერებით ამის თქმა შეუძლებელი იყო.

…სანამ არ მოხდა დეტალური დათვალიერება, ვიზუალურად ჩანდა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. როგორც ქალბატონის შემთხვევაში, რთული რელიეფიდან გამომდინარე, ეს ვერსიაც განიხილებოდა.”, – აღნიშნა ჭელიძემ.



შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

თავდაპირველად შსს აცხადებდა, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print