გარდაბანში, თბოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები აქციას მართავენ
გარდაბანში, თბოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, შრომითი ხელშეკრულებების ოფიციალურად გაფორმებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის გამო, ობიექტზე სამუშაოები ნაწილობრივ შეფერხებულია და თბოსადგურის მშენებლობაზე მხოლოდ ჩინეთის მოქლაქეები მუშაობენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ კონტრაქტები, ვერ სარგებლობენ დაზღვევით, ობიექტზე არ არის სასმელი წყალი, სასადილო, ტრანსპორტი, რომ მშენებლობის ადგილამდე მივიდნენ, მოუწყობელია ინფრასტრუქტურა და სამუშაო ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილიც კი არ არსებობს.

მუშების თქმით, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომების დაცვა არ ხდება. დამსაქმებელთან - ჩინურ კომპანიასთან კი კომუნიკაციას, ენობრივი ბარიერის გამო ვერ ამყარებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაფიცვა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

ამ დროისთვის გაფიცული მუშების წარმომადგენლები ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს მართავენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print