დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და მე ეს ძალიან მიხარია
ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და მე ეს ძალიან მიხარია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებით და დაშინებით გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება.

„ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში გამოიყენა ქვეყნისთვის დამღუპველი ფრაზა - გაერთიანებული მოძალადეები. აქამდე იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტნიორებით და ახლა გაუერთიანდა სოლიდური ხმების მქონე „ევროპული საქართველო“ და სინერგიის მქონე „რესპუბლიკური პარტია“. ჩვენ ვეხმარებით იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არც „ნაციონალებს“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ მიეკუთვნება და არ უნდა. დღეს გვაქვს ვითარება, როცა უმცირესობას აქვს საკონტროლო პაკეტი. ისინი წყვეტენ, როგორი იქნება ძალთა ბალანსი. კარგად გვიცნობს ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცის ჩვენი ფასი კრიტიკულ ვითარებაში. დიდ კოალიციებში ჩვენზე არის მოთხოვნა, რადგან ყოველთვის ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩვენს მიმართ არის გაღიზიანება ჩვენი მხარდამჭერების ნაწილში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებშიც იყო გაღიზიანება როცა სააკაშვილმა დაადასტურა ლევან ბერძენიშვილთან საუბარი. მაგრამ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, რადგან პარტიამ უთხრა, რომ ახლა ამის დრო არ არის. თუ სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებით, დაშინებით ბიძინა ივანიშვილს გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება. მე არ მინდა ასეთი მკვეთრი დაპირისპირება. სულაც არ მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების როტაცია მოხდეს ახლანდელი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებით იგივე საკნებში, მაგრამ თუ გრიგოლ ვაშაძე დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება დემონტაჟის და ხელისუფლების რბილი ცვლილების დასაწყისი. ცხადია, რომ პროგრესს ფორმალურადაც კი დაშორდა ბიძინა ივანიშვილი და დარჩა იმ ადამიანების იმედად, რომლებიც ვერასდროს ვერ გვიტანდნენ „რესპუბლიკელებს“, რადგან სოროსისტებად მიგვიჩნევდნენ იმ დროს, როცა თავის სიგრძე კომპარტიის ბარათები ედოთ ჯიბეში. ასეთ ვითარებაში ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ფავოროტია გრიგოლ ვაშაძე და მისი გამარჯვება არის შანსი პოლიტიკური პლურალიზმისა და სახელისუფლებო კოალიციისკენ. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილს ელის საფრთხე“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი ივანიშვილის შეცდომად აფასებს ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას და მიიჩნევს, რომ სულ რომ არ წამოეწიათ ეს თემა, ხელისუფლებისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა.

“ფარცხალაძისთვის ბრალის დადება უნიჭო ნაბიჯია. ბრალდებულმა თავად მოითხოვა გირაო, როცა ბრალი არ უღიარებია. ასეთი რამ არ ხდება. როგორც წესი, გირაოს ითხოვენ მაშინ, როცა გამოძიებასთან მიდის მოლაპარაკება. ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, შეცდომების კასკადია და მე ამით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცალკეული ადამიანები ნელ-ნელა, საკუთარი გავლენის გამოსაყენებლად გრიგოლ ვაშაძისკენ გადადიან, მათ უკან კი ათასობით ამომრჩეველი დგას. ახლა ატირებული ივანიშვილი გამოვიდა და ყველას ყველაფერს დაპირდა, პენსიონერებს-პენსიებს, გაგდებულ, გაპანღურებულ ყოფილ აქტივისტებს, წვრილფეხობას, არც თუ მთლად წვრილფეხობას, ყველას მისცა დაპირებები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენით ბიძინა ივანიშვილმა პიარაქციის გამართვა დააპირა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print