სანდრო ეულის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, კაფე „სტრადასთან“ ცოტა ხნის წინ სროლა იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა წერს, იგი მომხდარს შეესწრო. მისი თქმით, ახალგაზრდას პარკინგის ტერიტორიიდან ესროლეს.

„აი, ახლა, სულ ნახევარი საათის წინ, რესტორან "სტრადაში" ყავის სმისას "გაგებით მოსაკიდებელ" კიდევ ერთ შემთხვევას შევესწარით - იმავე ვერანდაზე, მეზობელ მაგიდაზე მჯდომ ახალგაზრდებს ვიღაცამ (ან ვიღაცებმა) იქვე მდებარე პარკინგის ტერიტორიიდან იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს - შუა ქალაქში, დღისით-მზისით.

როგორც მინიმუმ, ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. უამრავ ხალხში, ვისითაც სავსე იყო ვერანდა, საბედნიეროდ ყველა დანარჩენი სასწაულებრივად გადარჩა ამ კანონადას - 6 თუ 7 გასროლას. ესაა "თავისუფლად სუნთქვის" მეშვიდე წლისთავი და კოშმარადქცეული "ოცნების" ქაოსი უნდა დამთავრდეს“,
- წერს ნიკა რურუა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პერიმეტრი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print