ირანის საგარეოში ამბობენ, რომ მათ მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ
ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ გასემიმ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ [გარკვეული პერიოდის განმავლობაში] ირანის 200-მდე მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს იმის მიუხედავად, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდათ. მისი თქმით, თეირანი გააგრძელებს თბილისთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, სანამ საკითხი არ გაირკვევა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების სპიკერი ამბობს: “ამის მიზეზი ჩვენთვის ბუნდოვანია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას და გავაგრძელებთ ქართულ მხარესთან მსჯელობას ამ საკითხის გასარკვევად”.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უარყოფენ ერთ დღეში ირანის 200 მოქალაქის არშემოშვებას. თუმცა ირანის საგარეო უწყების წარმომადენელი საუბრობდა არა 200 მოქალაქის არშემოშვებაზე 3 დეკემბერს, არამედ “3 დეკემბრისთვის 200-მდე მოქალაქის არშემოშვებაზე”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ დროისთვის [3 დეკემბრისთვის] ირანის რამდენი მოქალაქე გააბრუნეს საზღვრიდან, შსს-ში გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის სახით უნდა გამოვითხოვოთ სამინისტროდან.

რადიო თავისუფლების ცნობით, ირანულმა ახალი ამბების სააგენტო Fars-მა დაწერა, რომ 30 ნოემბერს ირანის 18 მოქალაქე, რომელთაც უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც ჰქონდათ და სამოგზაურო დაზღვევაც, ქვეყანაში არ შემოუშვეს.

ირანის მოქალაქეების არშემოშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. აუდიოჩანაწერში, რომელიც ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოაწოდეს, ზალკალიანს ჟურნალისტი ეუბნება, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2 დეკემბერს საქართველოში საჰაერო და სახმელეთო გზით არ შემოუშვეს ირანის 200 მოქალაქე, რაზეც ზალკალიანი პასუხობს:

“მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია. ბუნებრივია, იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში და ყველა ამ მიმართულებით იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც არსებობს”.

წყარო: ნეთგაზეთი
Print