საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეძლებდა მის დასაქმებას სხვადასხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

წყარო: is.ge

Print