“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართვლევია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ,”-აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულები 1998 და 1999 წელს დაბადებული პირები არიან. მათივე ცნობით, მესამე ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

8 მარტს, დილის საათებში, გლდანის VI მიკრორაიონში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების თანახმად, ფილიალიდან გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები