პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული 63 თანამშრომლიდან სხვა საჯარო უწყებებში ვერც ერთი ვერ დასაქმდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 63 თანამშრომლიდან სხვა საჯარო სამსახურებში ვერც ერთი ვერ დასაქმდა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პროცესი ოფიციალურად 15 მარტს დასრულდება.

,,ეს ეტაპი დასრულდება 15 მარტს. 63 ადამიანია მობილობის სქემაში ჩართული. საჯარო ბიურომ გამოგვიგზავნა სხვადასხვა უწყებებში არსებული 277 ვაკანსია. ჩვენ მივწერეთ 29 საჯარო უწყებას, სადაც იყო ვაკანსიები. აქედან მხოლოდ 12-მა გვიპასუხა და გვითხრა, რომ არ აქვთ შესაძლებლობა დაასაქმონ კადრები. დანარჩენებმა არ გვიპასუხეს. შესაბამისად, მათგანაც ჩაითვალა უარი ანუ გამოდის, რომ 63-ვე გათავისუფლებული თანამშრომელი აიღებს კომპენსაციას 3 თვის ხელფასის ოდენობით,“ - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, თუ რა თანხა ექნება გადასახდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 63 თანამშრომლისთვის კომპენსაციის სახით, ეს ინფორმაცია საჯარო 15 მარტის შემდეგ გახდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 150-მდე თანამშრომელი მუშაობდა. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათი რაოდენობა 60-მდე შემცირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები