საქართველოს საჰაერო სივრცეში Boeing 737 Max-ის სერიის თვითმფრინავების გადაადგილება შეიზღუდა
საქართველოს საჰაერო სივრცეში 13 მარტიდან გაურკვეველი ვადით იზღუდება ახალი თაობის სამგზავრო თვითმფრინავის, Boeing 737 MAX 8-სა და MAX 9-ის გადაადგილება. ამ გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების სწრაფად მზარდ სიას, რომლებიც ამ ტიპის საჰაერო ხომალდების გამოყენებას დროებით აჩერებს. ინფორმაცია შეზღუდვის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 13 მარტს, გაავრცელა.

Boeing 737 MAX სერიის თვითმფრინავებზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი გახდა ბოლო 6 თვეში მომხდარი ორი ავიაკატასტროფა, რომელსაც, ჯამში, 346 ადამიანი ემსხვერპლა. შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, სანამ გამოძიება არ დაადგენს ავიაკატასტროფების გამომწვევ ზუსტ მიზეზს და არ დაიდება დასკვნა ბოინგის ახალი თვითმფრინავების უსაფრთხოების შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება და დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები