საქართველოს საჰაერო სივრცეში Boeing 737 Max-ის სერიის თვითმფრინავების გადაადგილება შეიზღუდა
17:29 / 13.03.2019
საქართველოს საჰაერო სივრცეში 13 მარტიდან
გაურკვეველი ვადით იზღუდება ახალი თაობის სამგზავრო
თვითმფრინავის,
Boeing 737 MAX 8-სა და MAX 9-ის გადაადგილება.
ამ გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების სწრაფად მზარდ
სიას, რომლებიც ამ ტიპის საჰაერო ხომალდების გამოყენებას დროებით
აჩერებს. ინფორმაცია შეზღუდვის შესახებ საქართველოს სამოქალაქო
ავიაციის სააგენტომ დღეს, 13 მარტს, გაავრცელა.
Boeing 737 MAX სერიის თვითმფრინავებზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი
გახდა ბოლო 6 თვეში მომხდარი ორი ავიაკატასტროფა, რომელსაც, ჯამში,
346 ადამიანი ემსხვერპლა. შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, სანამ
გამოძიება არ დაადგენს ავიაკატასტროფების გამომწვევ ზუსტ მიზეზს და არ
დაიდება დასკვნა ბოინგის ახალი თვითმფრინავების უსაფრთხოების
შესახებ.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების
სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ
ირიცხება და დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან
გავლენას არ იქონიებს.