აბაზოვი ივანიშვილების დაცვის წევრი იყო - ოპოზიციაში ამბობენ, რომ მის ციხიდან გათავისუფლებაში ივანიშვილი ჩაერია
თეიმურაზ აბაზოვის გათავისუფლება და ახლობლობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან - ოპოზიციაში აქვთ ინფორმაცია, რომ დევნასა და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობიდან ბერა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკმამედ იმამყულიევი ამბობს, რომ აბაზოვი ივანიშვილების ოჯახის დაცვის წევრად 2012-2013 წლებში მუშაობდა.

„ბატონი თემურ აბაზოვი 2012-2013 წლებში მუშაობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურში. რაც ეხება კონკრეტულად ბატონმა ბერამ თქვა, თუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ამას იმ შეხვედრიდანაც შეგვიძლია მივხვდეთ, აბაზოვი როცა გამოვიდა ციხიდან პირველი შეხვედრა იყო ბატონ ივანიშვილთან. რაც ხდება საქართველოში ესეც იმის ნაწილია,რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს“-აცხადებს აკმამედ იმამყულიევი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ მარნეულის მერის ქმედება, რომელმაც ადამიანი დაამცირა და მას შარდი სახეზე წაასმევინა, ივანიშვილის ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ფაქტი, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის დაკავებულებს თავდებით არ უშვებენ და დამნაშავე აბაზოვი გაათავისუფლეს ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე მეტყველებს.

„ამორალურია თვითონ ამ ხელისუფლების მიდგომა. აქ საუბარი არ არის იმაზე, ის განაცდურს მოითხოვს თუ არა. ადამიანი, რომელიც წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული ის ივანიშვილმა გამოუშვა ციხიდან. ადამიანები რომლებიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციხეში სხედან მათ თავდებითაც არ უშვებენ, მაგრამ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და ამის ფაქტები ვნახეთ და ადასტურებდნენ კონკრეტული პიროვნებები, რომ სწორედ აბაზოვის დაჟინებით აკეთებდნენ ამ ყველაფერს და შარდის მოსმა არის ამ ქვეყნის და ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი სავიზიტო ბარათი,“-ამბობს გიორგი ბოტკოველი.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები