საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

წყარო: is.ge

Print