საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებლივ პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, დაამზადა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამსახველი ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, რომელშიც ხელოვნურად გაზარდა ბენეფიციართა და ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსების რაოდენობა. დანაშაულში მხილებულმა პირმა, ასევე გააყალბა ბენეფიციართა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ხელმოწერები, თითქოსდა მათ მიღებული ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ბრალდებულმა, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა და მოტყუებით მოითხოვა და მიიღო დიდი ოდენობით თანხა - 40 656 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

წყარო: is.ge
Print