აზარტული თამაშების ბრუნვამ შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, შარშან იმ სექციის ბრუნვამ, სადაც აზარტული თამაშების სექტორიც შედის, წინასწარი მონაცემებით ჯამში 12,596 მლრდ ლარი შეადგინა. დაზუსტებული მონაცემები სტატისტიკის სამსახურს ოქტომბერში ექნება, თუმცა თუ 2017 წლის მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ „ხელოვნება, გართობა და დასვენების“ სექციის ბრუნვიდან 97%-ზე მეტი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, 2017 წელს სექციის „ხელოვნება, გართობა და დასვენება“ მთლიანი ბრუნვა შეადგენდა 6176,6 მლრდ ლარს, საიდანაც 6050,1 მლრდ ლარი აზარტულ თამაშებზე მოდიოდა. 2018 წელს კი ამ სექციაში შემავალი ბიზნეს-სუბიექტების ბრუნვამ 12,598 მლრდ ლარი შეადგინა (წინასწარი მონაცემებით). სტატისტიკოსების თქმით, ამ თანხიდან დაახლოებით 9/10 (რაც 10 მლრდ ლარს აჭარბებს) შესაძლოა, სწორედ აზარტული თამაშების წილი იყოს.

„მართალია, ზუსტი მონაცემი აზარტული თამაშების ბიზნესის მოცულობის შესახებ, მოგვიანებით იქნება ცნობილი, თუმცა თუ წინა წლების სტატისტიკას და თანაფარდობას ვნახავთ, 2018 წლის 12,5 მლრდ ლარიანი ბრუნვიდან, დაახლოებით 9/10 შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე მოდიოდეს. ეს კი 10 მლრდ ლარზე მეტია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

მისივე თქმით, „ბრუნვის მოცულობის ზრდა ორ რამეზე მიუთითებს - ერთი ის, რომ საქართველოს მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლის დიდი ნაწილი ამ ბიზნესისკენ მიემართება, მეორეა იმ მეზობელი ქვეყნებიდან „მოთამაშეების“ ჩამოსვლა, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია.

აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - აზარტული თამაშები ფულის გათეთრების დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს ბიზნესი დაშვებულია. ამიტომ, ვფიქრობ, სამართალდამცველმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბების ზრდას“,
- განაცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სოსო არჩვაძემ.

ცნობისათვის, სექცია „ხელოვნება, გართობა და დასვენება“ შეიცავს საქმიანობათა ფართო სპექტრს საზოგადოების სხვადასხვა კულტურული, გასართობი და დასასვენებელი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ცოცხალი წარმოდგენების, მუზეუმების, აზარტული თამაშების, სპორტული და დასვენების საქმიანობების ჩათვლით. ამასთან, „ხელოვნება, გართობა და დასვენების“ სექციის ბრუნვაში ასახულია აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები