გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პროცესის საჯაროობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს გამოკითხავენ.

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის პროცესები დახურული რეჟიმით არ უნდა მიმდინარეობდეს და მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კონდახიშვილი საზოგადოების და მედიის პროცესებზე დასასწრებად, შუამდგომლობის დაყენებას მომდევნო პროცესზეც გეგმავს.

როგორც ცნობილია, მოსამართლემ კირკიტაძის წინა პროცესზე, ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს დარბაზში ხმაურის გამო პროცესი დახურა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print