სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა - 15 წლის შალვა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა
მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზი. მთავარი ვერსია უკიდურესი გაჭირვებაა.

მეზობლები მიიჩნევენ, რომ მძიმე ყოფა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უმძიმეს გავლენას ახდენდა. შაკო და მის ძმა მამამ გაზარდა. პატარები იყვნენ, როცა დედამ მიატოვა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამა სოფელში ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა, ოღონდ დღეში რამდენიმე ლარი გამოემუშავებინა და შვილებისთვის საკვები მიეტანა, თუმცა, ყოველთვის ვერ ახერხებდა. შრომის სანაცვლოდ ხანდახან, ფულის ნაცვლად, მეორად ტანსაცმელს აძლევდნენ.

სკოლის ბუფეტის თანამშრომლის ნისიების რვეულში შაკოს გვარი, თითქმის, ყველა გვერდზე ფიქსირდება. დღეში 50 თეთრით ვალად ფუნთუშას ყიდულობდა. რასაც ვალით ყიდულობდა, ნახევარს მცირეწლოვან ძმას უყოფდა.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ზაფხულში სკოლის არდადეგების დროს შაკო სხვადასხვა ადგილზე ფიზიკურად მუშაობდა იმისთვის, რომ დღიურად რამდენიმე ლარი აეღო და გამოეკვება საკუთარი თავი და უმცროსი ძმა

გახდა თუ არა უკიდურესი გაჭირვება მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

შაკოს თვითმკვლელობის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ის შესაძლოა, ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო. კურიერმა ეს ფაქტები გადაამოწმა. სოციალურ სამსახურში კურიერს უთხრეს, რომ მათ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ და ძალადობის შესახებ არაფერი სმენიათ.

ბოლოს შაკო სკოლაში მასწავლებელმა ნახა, როცა შვილს მამამ მიაკითხა და უთხრა, რომ შაკო აცრაზე უნდა წაეყვანა, მცირე ხნით შვილის აკადემიურ მოსწრებაზე ისაუბრეს. პედაგოგი იხსენებს, რომ შაკო ძალიან ნიჭიერი, უკონფლიქტო და მოწესრიგებული მოსწავლე იყო.

15 წლის მოზარდის მამა სამართალდამცველებმა გამოკითხეს, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ მას რუსთავი2-თან კონტაქტი აღარ სურდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობდა, რომ ოჯახის უკიდურესი გაჭირვების შესახებ არასდროს არაფერი გაუგია. ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ კი ალექსანდრე გრიგალავამ ჟურნალისტები ტრაგედიის ადგილზე მიიყვანა და ამტკიცებდა, რომ ოჯახის მდგომარეობას კარგად იცნობს, მცირეწლოვნებს არაფერი უჭირდათ და არც საკვები აკლდათ.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები