"განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას" - ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მარიამ ჯაშისა და ირაკლი ოქრუაშივილის განცხადებას ეხმაურება და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ლომჯარიასთან ინტერვიუს ჩაწერა ჩვენ 13 მაისს მოვახერხეთ, როდესაც ის მარნეულში იმყოფებოდა.

„მე ზოგადად მეჩვენება, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს იმ სტერეოტიპებს, რაც ისედაც არსებობს საზოგადოებაში ჩვენი ეთნიკურად განსხვავებული თანამოქალაქეების მიმართ.  ძალიან სამწუხაროა და პოლიტიკოსებმა პირველ რიგში უნდა გაითავისონ დიდი პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ მათ სიტყვას თან სდევს, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ“ - თქვა ნინო ლომჯარიამ რადიო მარნეულთან მიცემულ ინტერვიუში

სახალხო დამცევლის თქმით,  სამწუხაროა ის ფაქტი,  რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში  ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას.

„ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან. დღეს ალბათ, ყველაზე მწვავედ დგას საკითხი იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სჭირდებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა, რათა მათ იგრძნონ თავი სრულუფლებიან და თანასწორ წევრებად ჩვენი საზოგადოებისა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია და შესაძლებლობების რეალიზება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“ -  გვითხრა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არანაირი განსხვავება არ არსებობდეს ჩვენს თანამემამულეებს შორის ურთიერთობაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა 2019 წლის 26 თებერვალს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებთან აიგივებდა.   

ირაკლი ოქრუაშვილმა კი დავით გარეჯში მიმდინარე ამბებზე პასუხისმგებლობა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს დააკისრა.
Print