სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სპეციალისტი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენა, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს მიანიჭა უპირატესობა და მისცა საშუალება, რათა ამ უკანასკნელს სატყეო უბნის ტერიტორიაზე, კანონდარღვევით მოეპოვებინა ნაძვის ნერგები.

აღნიშნული დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print