საპარლამენტო არჩევნებში 25% “ოცნებას” მისცემდა ხმას, 18% – ენმ-ს – IPSOS-ის კვლევა რ2-ის დაკვეთით
“რუსთავი 2” საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
“რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 18% – “გაერთიანებული ოპოზიციას”, ხოლო 7% – “ევროპული საქართველოს”. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 3-3%-ით “პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” ინაწილებენ. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.

ალოკაციის გათვალისწინებით, იგივე კითხვაზე (ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას) პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

“ქართული ოცნება” – ბიძინა ივანიშვილი – 29.2%;
“გაერთიანებული ოპოზიცია” – 22%;
“ევროპული საქართველო” – 10.4%;
“ლეიბორისტული პარტია” – 4.9%;
“პატრიოტთა ალიანსი” – 4.7%.

ალოკაცია ნიშნავს მეთოდს, რომლითაც მკვლევრები სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, თუ ვის მისცემენ ხმას ეს რესპონდენტები, რომლებიც არ პასუხობენ კითხვას, თუ ვის უჭერენ მხარს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითულთა 46%-ს ყველაზე პოზიტიური განწყობა “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს, 40%-ს – გაერთიანებული ოპოზიციის, 38% კი – “ქართული ოცნების”.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, IPSOS-მა კვლევა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული 1 540 რესპონდენტი. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

ცნობისთვის, IPSOS 1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი). Ipsos-ის ოფისები დღეს 87 ქვეყანაში აქვს და, საერთო ჯამში, 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.

IPSOS არის სკომპანია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო რეფორმის შესახებ კვლევა დაუკვეთა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print