მარნეულის ყოფილ მერს მარნეულში მიმდინარე არჩევნები არ აინტერესებს
მარნეულის ყოფილ მერი თემურ აბაზოვი 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნების დღეს, მარნეულში არ ყოფილა და არც მისი მიმდინარეობით არის დაინტერესებული. რადიო "მარნეულთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ პირადი საქმეებით არის დაკავებული.


თემურ აბაზოვმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა დღეს ის "ქართული ოცნების" წევრი. ყოფილი მერი ღიად არ უჭერს მხარს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს.


"წარმატება მინდა ვუსურვო, ვინც იქნება ძლიერი, ღვთის წყალობით, ის გაიმარჯვებს", - ასე უპასუხა მან რადიო "მარნეულის" კითხვას, როგორ შეაფასებდა "ქართული ოცნების" კანდიდატ ზაურ დარგალს.




2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თემურ აბაზოვი მარნეულის მერი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში იყო. 2018 წლის 14 ივნისს პროკურატურამ მას ბრალად წაუყენა მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედება. საქმე ეხებოდა, 13 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ელჩინ ალაჰვერდიევს საკუთარი შარდით სახის დაბანასა და ოჯახის წევრის გინებას აიძულებდნენ.



ამ ვიდეოს გავრცელებას წინ უძღოდა მოკლული თამირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სალარიძის მამაების, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქციიდან ელჩინ ალაჰვერდიევის პირდაპირი ეთერი ფეისბუკზე. სოციალურ ქსელში ის ხალხს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა და ბოლოს მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ცოლს და ბიძინა ივანიშვილს შეაგინა.



სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

აბაზოვის სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის.

2018 წლის 13 დეკემბერს ყოფილი მერი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.



თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება ოფიციალურად 2019 წლის 13 თებერვალს შეუჩერდა. ის პოსტზე დროებით, პირველმა მოადგილემ, ზაურ ტაბატაძემ ჩაანაცვლა.



19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. გამარჯვებული მუნიციპალიტეტს 2021 წლის თვითმმართველობის არჩვენებამდე უხელმძღვანელებს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები