მარნეულში მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობს (VIDEO)
"ქართული ოცნების" შტაბში ზაურ დარგალის გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. მარნეულში შეკრებილები არიან უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.



"პირველადი მონაცემებით, რაც უბნებიდან მოდის და არა ჩვენი მოლოდინებით, ბატონი ზაური დამაჯერებლედ იმარჯვებს პირველივე ტურში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა



"თავიდანვე გამოვაცხადეთ ჩვენ, დილიდანვე, რომ ვიგებთ დიდი უპირატესობით... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარნეულელებს ნდობისთვის და დიდი მხარდაჭერისთვის",- აღნიშნა ზაურ დარგალმა.


აღსანიშნავია, რომ ცესკოს გვერდზე მანრულის მერის რიგგარეშე არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. არცერთი უბნის მონაცემები ოფიციალურად ცნობილი არ გამხდარა.

პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაურ დარგალისთვის ეს პირველი არჩევნებია. ინგლისური ენის სპეციალისტმა პოლიტიკური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო, როცა „ქართული ოცნები“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა. იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ქვემო ქართლის წარმომადგენელი. 2017 წლიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელიც მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.


„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე დარგალი, 2011-2013 წლებში, მუშაობდა მარნეულის დემოკრატიური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ, 2008-2011 წლებში იყო მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი, 2010-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ტრენერი, ხოლო 2007-2010 წლებში ამავე ბანაკის წევრი.

მარნეულის მერობის კანდიდატის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes-Benz GL 450, რომელიც 2017 წელს 60 000 ლარად შეიძინა. მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული მეუღლის, რენა ნურმამედოვას საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (625 კვ.მ.) მარნეულში. 30 წლის ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს დარგალი მართავდა ლოზუნგით, - „მე მჯერა თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“.

ზაურ დარგალის გეგმებში შედის მარნეულის მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც არაქართულენოვან მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან წვდომასა და მერიის საქმიანობაში ჩართვაში დაეხმარება. სახელისუფლებო კანდიდატის დაპირებებში შედის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშო ბაღებისა და სპორტული მოედნების შენებლობა, სოფლებში შიდა გზების, გარე განათებისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. მერად გახდომის შემთხვევაში ის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გადამზადებას ჰპირდება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები