„კენჭისყრის პროცესი მარნეულში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა“ – ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მარნეულში 2 საარჩევნო უბნის ბათილობას ითხოვს.

„გამორჩეულად პრობლემური იყო მარნეულის #68 და #84 საარჩევნო უბნები. ამ უბნებზე კონცენტრირებული სახე ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას, რაც „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით ამ უბნების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.“ – წერია ISFED-ის განცხადებაში

ორგანიზაციის განცხადებით, მთელი დღის მანძილზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა, კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ზუგდიდისა და მარნეულს საარჩევნო ოლქებში.

რაც შეეხება #68 საარჩევნო უბანს, ISFED-ის მიხედვით, კენჭისყრის პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სათანადოდ დაკვირვების საშუალება არ ეძლეოდა. ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი გაუმჭვირვალე იყო და რეგისტრატორები არ აკონტროლებდნენ ამომრჩევლების მიერ სიაში ხელმოწერის გრაფებს. კენჭისყრის კაბინა განთავსებული იყო მეორე სართულის მოაჯირის ქვეშ, რის გამოც, სხვადასხვა პირები კაბინაში შესულ ამომრჩევლებს დასცქეროდნენ, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას წარმოადგენს.
დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტი. დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნებმა” უბანზე კენჭისყრის შეწყვეტა და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. ორგანიზაცია მოითხოვს ამ საარჩევნო უბნის ბათილობას.

მარნეულის #84 სააჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდგომ ელექტრო ენერგია გაითიშა და გაურკვეველმა პირებმა საარჩევნო ყუთი გატეხეს, რასაც კომისიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი მოყვა. ელექტრო ენერგიის მოსვლის შემდგომ, კომისიამ ბიულეტენები ყუთში უკან მოათავსა და დათვლის პროცესი დაიწყო. „სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვს აღნიშნული უბნის ბათილობას.

ნახეთ დეტალური ინფორმაცია ISFED-ის მიერ მარნეულში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები

მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის უბნიდან გაძევების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კომისიის წევრებმა თავდაპირველად საჩივრის წარდგენის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი უბანზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

დამკვირვებელზე ზეწოლა და უფლების შეზღუდვა

მარნეულის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, რაც დამკვირვებლების მხრიდან მითითების შემდეგ აღიკვეთა. აღნიშნულ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს შენიშვნის დაფიქსირების უფლება კომისიის მდივანმა არ მისცა. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვაზე რეაგირება არ მოახდინა კომისიის თავმჯდომარემ.

ხმის მიცემის ფარულობის დარვევა

მარნეულის #5 საარჩევნო უბანზე 3 შემთხვევაში ამომრჩევლებმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღეს. აღნიშნულზე დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ ამომრჩევლებმა ფოტოები წაშალეს.

მარნეულის #44 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენი უბანზე მყოფ პირებს აჩვენა.

გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევები

მარნეულის #25 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიებში არ იყო შესაბამისი აღნიშვნა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიამ დარღვევა აღმოფხვრა.

საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა

მარნეულის #24 უბანზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხეშად ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. არაერთი გაფრთხილების შემდეგ, კომისიამ აღნიშნული პირის უბნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ის არ დაემორჩილა, რის გამოც უბანზე გამოძახეს პოლიცია და პოლიციის ძალით გააძევეს უბნიდან.

კენჭისყრის პროცედურული დარღვევები

მარნეულის #47 საარჩევნო უბანზე კომისიამ ამომრჩეველს, რომელიც არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული ხმის მიცემის უფლება მისცა.

მარნეულის #9 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა. საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ოლქისთვის გადაცემის შესახებ.

ხმის დათვლის პროცედურული დარღვევები

მარნეულის #41 უბაზე ხმის დათვილის პროცესში არ გამოაცხადეს კანდიდატის მიერ მიღებული ხმების შესახებ და გამოცხადების გარეშე ალაგებდნენ ბიულეტენებს.

დარღვევები ოლქში მასალების გადაცემის პროცესში

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნოუბნების მიერ მასალების გადაცემა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. საუბნო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო მასალები და და დოკუმენტცია ერთ ტომარაში აქვთ დალუქული, ხოლო ოლქი ამ ტომრების ლუქს არ ხსნის და არ ამოწმებს წარმოდგენილ მასალებს.



რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები