საქართველოს აზერბაიჯანელების 42%-მა არ იცის რა უშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტიმა (NDI) დღეს, 20 მაისს საზოგადოების განწყობის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა ძირითადად მოსახლეობის დასავლურ ინტეგრაციასთან მზაობას შეეხება.

NDI-მ კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, რომელთა შორის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა იყო.

კვლევის მიხედვით, ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეთა 54% თვლის, რომ მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს მიუღებლად მიიჩნევს ეთნიკური აზერბაიჯანელების 14%, ხოლო 31%-მა არ იცის.

ეთნიკურად აზებაიჯანელი მოსახლეობის 28%-ის აზრით, საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი. 25% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზადაა, ხოლო 48%-მა არ იცის.

კვლევის თანახმად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის 42%-მა არ იცის თუ რა უშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, 18%-ის აზრით მიზეზი საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტებია, 13% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთია, ხოლო 8%-ის აზრით, დემოკრატიის ნაკლებობა.



NDI-ს კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკურ სარგებელზე საუბარს მხოლოდ მაშინ აქვს პოზიტიური ეფექტი, როდესაც მოქალაქეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხესაც ვუსხენებთ. ევროკავშირის მხარდაჭერას ყველაზე კარგად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ეთნიკური კუთვნილება წინასწარმეტყველებს, ხოლო მთავარ დაბრკოლებას კვლავაც კულტურული იდენტობის დაკარგვის შიში წარმოადგენს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები