ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის – ბესელია თავის ახალ პარტიაზე
“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა, აცხადებს, რომ ქმნის არა ე.წ. მესამე ძალას, არამედ ალტერნატიულ ძალას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.

“ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი სამართლიანობის მისაღწევად, ბუნებრივია, განვიხილავ და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია ქვეყანაში არჩევნების გზით ცვლილებების მოსახდენად, არის რეალისტური”, – განუცხადა ბესელიამ “კურიერს”.

ეკა ბესელიას პოლიტიკურ პარტიაში მოიაზრებიან დეპუტატები: გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. რაც შეეხება “დაიცავი საქართველოს”, რომლის წევრიც თავის დროზე ბესელია იყო, დეპუტატის თქმით, ის საზოგადოებრივ მოძრაობად რჩება.

“საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო. ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა, მე მგონი, იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას “დაიცავი საქართველო”, ის იქნება საზოგადოებრივი მოძრაობის სათავეებთან და პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას არ აპირებენ. თანამოაზრეობა გქვექნება”, – განაცხაადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” ოფიციალურად 22 თებერვალს დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დაანონსა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print