ინფორმაციას გადავამოწმებთ, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან — ზალკალიანი დავითგარეჯაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ; იგი ყველას მოუწოდებს, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იცის თუ არა დაზუსტებით, რა ხდება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მონასტერთან, — ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში ადგილობრივმა გიდმა დაწერა, რომ აზერბაიჯანს ამ მონასტრისკენ გზა გამოჰყავდა, — ზალკალიანმა უპასუხა:

„ამ წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს [საზღვრის] დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა, დღეს და ხვალ არის დაგეგმილი ამ კომისიის მუშაობა. ყველა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში“.

ზალკალიანმა ყველას მოუწოდა, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ: „აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა ეს საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში, რადგან კომისია არის მოწადინებული იმისთვის, რომ საკითხების მოგვარება მოხდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე“.

წყარო: ნეთგაზეთი
Print