სიახლე
ბოლო ხუთ თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ვამხილეთ — შსს
"2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს", — ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, 110-დან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა,
ხოლო 95 შემთხვევაში — მამა/მამინაცვალი. შემთხვევებიდან 79 პროცენტში ბრალდებული დააკავეს.

ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის
სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:
  • 62 შემთხვევაში — ოჯახის წევრი (დედა ან ბებია);
  • 32 შემთხვევაში — მსხვერპლი ბავშვი;
  • 4 შემთხვევაში — მეზობელი;
  • 3 შემთხვევაში — მოქალაქე/შემსწრე პირი;
  • 2 შემთხვევაში — ნათესავი;
  • 2 შემთხვევაში — საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
  • 2 შემთხვევაში — სკოლა/მანდატური;
  • 1 შემთხვევაში — არასამთავრობო ორგანიზაცია;
  • 1 შემთხვევაში — სოციალური სამსახური;
  • 1 შემთხვევაში — სხვა პირი.
უწყების ცნობით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში — სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა:
  • ბავშვის მოუვლელობაში;
  • საკვების მიუცემლობაში;
  • ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში;
  • ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

წყარო: On
| Print |