ამ ეტაპზე მარნეულში 244-მა პენსიონერმა მასწავლებელმა სკოლიდან წასვლის სურვილი გამოთქვა
მარნეულში 244-მა მასწავლებელმა სკოლიდან წასვლის სურვილი გამოთქვა
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ რესურს ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა განუცხადა და თქვა, რომ ეს საბოლოო რიცხვი არ არის და შესაძლოა გაიზარდოს. სურვილი  პედაგოგებმა მას შემდეგ გამოთქვეს, რაც პენსიონერ მასწავლებლებზე განათლების სამინისტრომ შეთავაზება გაავრცელა -  2 წლის ხელფასი ჯილდოს სახით და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა.

244 მასწავლებელთა სიაშია მარნეულელი, თაქალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლიდან წასვლაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მე სოფელ თაქალოს სკოლაში 48 წელია სპორტის მასწავლებლად ვმუშაობ. სკოლის დატოვების მიზეზი კი ჯანმრთელობის პრობლემებია. მინდა რომ ორი წლის ხელფასი ავიღო და წავიდე. თუ ამ ხელფასს მომცემენ წავალ, თუ არა დავრჩები. სკოლაში ჩემი შემცვლელი არაა. ერთი პირია და ისიც პენსიაზე გავიდა“ - ამბობს 75 წლის არიფ გარაჯაევი.

თუ რამდენი საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელი გვყავს მარნეულის მასშტაბით, ამის სტატისტიკური მონაცემები მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს არ აქვს. თუმცა მასწავლებელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 3 000-ია.

განათლების სამინისტროს ცნობით, ორი წლის ხელფასის ჯილდოს სახით გადაცემა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ეხებათ, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, არ სურთ გამოცდაზე გასვლა, ან გასვლის შემთხვევაში ჩაიჭრებიან, ან კიდევ განმეორებით გამოცდასაც ვერ ჩააბარებენ. მათ ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადონ. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები