ქალაქ მარნეულში ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანენ

ქალაქ მარნეულში დასუფთავების ახალი სისტემა ინერგება.
დილის საათების ნაცვლად, ქუჩები ნარჩენებისგან ღამის საათებში დასუფთავდება. ცვლილება მარნეულის ახლადარჩეულ მერს, ზაურ დარგალს ეკუთვნის, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გზით ეკოლოგიურად სუფთა გარეო შეიქმნება.

„ძალიან მაწუხებდა ის პრობლემა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნარჩენები ქალაქში რჩებოდა. ამ ინიციატივით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საღამოს საათებიდან დილამდე სისუფთავე იყოს ქალაქში. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მოსახლეობაც დაგვეხმაროს. ასევე მნიშვნელოვანია ახალი ტექნიკის შეძენა და ბრიგადების გაძლიერება“ - ამბობს ზაურ დარგალი და მოსახლეობის ინფორმირებულობის  ასამაღლებლად მოხალისეთა ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომლებიც დანაგვიანების  საკითხებზეც აქტიურად იმუშავებენ.

დარგალი  მიიჩნევს, რომ მხოლოდ მერიის მუშაობა ეფექტური არ იქნება თუ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება არ მოხდება.  

მარნეულის მერიაში დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ორგანო შპს „სუფთა მარნეულია“, რომლის დირექტორი ლერი მუმლაძე თვლის, რომ მერის ახალი ინიციატივა ეფექტური იქნება.

„11 საათის შემდეგ ნარჩენები აღარ გამოგვქონდა, მთელი ღამის განმავლობაში ნარჩენს ზოგი დაბლა ყრის, ქარი ამოვარდება ნაგავი იფანტება და უფრო მეტი სიბინძურეა.  ვნახოთ, აბა, ამ კვირაში რა შედეგს მივიღებთ. დღეს დილით ადრე გავიარე და მაინცდამაინც არ იყო ძალიან დაბინძურებული.“ - ამბობს ლერი მუმლაძე.

მუმლაძის თქმით, აქამდე ნარჩენების გატანა დილის  6 საათიდან იწყებოდა. აღნიშნული ინიციატივა  სოფლებს არ ეხება და ის  მხოლოდ ქალაქ მარნეულზე ვრცელდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები