თბილისში უხვი ნალექის გამო, 112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.

უწყებაში შეტყობინებები, ასევე, შევიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა.

ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორნიგი. სიტუაცია თბილისი მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print